საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

თინათინ ბოჭორიშვილი

პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

იხილეთ CV

განათლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თინათინ ბოჭორიშვილმა  სწავლა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. მან 1988 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: „ღირებულების ობიექტურობის პრობლება“, ხოლო 1997 წელს - სადოქტორო დისერტაცია „სიცოცხლის საზრისი, როგორც ტრანსცენდენცია“.  

 

 სამუშაო გამოცდილება

სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში: საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებში (American Councils for International Education), მსოფლიო ბანკის (World Bank) პროექტში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტში, ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის შესწავლის ცენტრში (American University Transnational Crime and Corruption Center). საერთაშორისო მკვლევართა ვუდრო ვილსონის ცენტრში (Woodrow Wilson Center for International Scholars) აშშ, ვაშინგტონში, როგორც მკვლევარი. 2007 - 2010 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფონდის (რუსთაველის ფონდის) დირექტორი. 2010 – 2017 წლებში კი ფონდების რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად და გენერალური დირექტორის მოადგილედ.

 

პედაგოგიური გამოცდილება

35 წელია კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებში, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტ „გეომედში“, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომატიის აკადემიაში. წაკითხული აქვს საჯარო ლექციათა კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. სტაჟირება გავლილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.

 

კონფერენციები და საჯარო გამოსვლები

მონაწილეობა აქვს მიღებული ასზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა, თუ კონგრესში (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ინდოეთი, აფრიკა, სამხრეთ კორეა...} 40-ჯერ იყო მომხსენებელი, ორგანიზატორია 7 საერთაშორისო კონფერენციის. 2000 წელს ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი ჰქონდა ამერიკის ტელევიზიით  -  „საქართველოს გეოპოლიტიკა“. სამჯერ იყო მიწვეული კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის ცენტრში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. ფ. კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში, ჯორჯ მეისონის, ჯონს ჰოპკინსის და ამერიკულ უნივერსიტეტებში. არაერთი გამოსვლა ჰქონდა ამერიკის ხმის ეთერით საქართველოს გეოპოლიტიკაზე, ნავთობსადენის პერსექტივებზე და სხვა საკითხებზე. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ინტერვიუები ჰქონდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში, მშვიდობის ინსტიტუტში, მსოფლიო ბანკში.

დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის მოწვევით თინათინ ბოჭორიშვილმა ორი თვე საჯარო ლექციების კურსი წაიკითხა ლონდონსა და მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში და სტაჟირება გაიარა საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრში.

იყო არასამთავრობო ორგანიზაცია  „მშვიდობის კვლევის ასოციაციის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, რომელმაც არარერთი გრანტი მოიპოვა საფრანგეთის და შვეიცარიის ორგანიზაციებისაგან.

 

პროფესიული ორგანიზაციის წევრობა

თინათინ ბოჭორიშვილი წლების მანძილზე იყო მრავალი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრი:

  • პროფესორთა მსოფლიო მშვიდობის აკადემიის წევრი (აშშ),
  • მერილენდის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ორგანიზაციის “ქალები საერთაშორისო უსაფრთხოებაში” წევრი (აშშ),
  • “მშვიდობის ეროვნული ფონდის” წევრი (აშშ),
  • საერთაშორისო ორგანიზაციის "დიალოგი კაცობრიობის პროგრესისათვის“ წევრი (საფრანგეთი/შვეიცარია),
  • ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისათვის“ წევრი (აშშ).

 

ჯილდოები და გრანტები

თინათინ ბოჭორიშვილს მიღებული აქვს ჯილდოები და გრანტები :

  • საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის სტიპენდია,
  • ვერცხლის მედალი კემბრიჯიდან (დიდი ბრიტანეთი),
  • შ.ლ.მეიერის სახელობის ფონდისაგან (შვეიცარია-საფრანგეთი),
  • საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისაგან (აშშ),
  • ამერიკული უნივერსიტეტისაგან (აშშ),
  • ჰარვარდის უნივერსიტეტისაგან (აშშ) და
  • ჯორჯ სოროსის ფონდისაგან.

 

შრომები

თინათინ ბოჭორიშვილს გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია  და ორმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ წიგნებსა და სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ბელგიასა და სამხრეთ კორეაში. არის მრავალი სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა თუ სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი  და რეცენზენტი, სამი წლის მანძილზე იყო რედაქტორის მოადგილე საერთაშორისო  სამეცნიერო ჟურნალის -  “Eurasian Research” (აშშ), 1999 წლიდან დღემდე არის ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო  ჟურნალ „World Peace Academy“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა