UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ქართული ჟურნალების ენობრივი პოლიტიკა („ცისკარი“, „მნათობი“, „კრებული“)
მოკლე აღწერა: პროექტი მოიცავს გრამატიკული კატეგორიების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების კვლევას. გრამატიკული კატეგორიების ფორმირების ისტორიის შესწავლა ძალზე მნიშვნელოვანია დარგის განვითარების კანონზომიერებათა დასადგენად. ცნობილია, რომ პირველი ცდა ქართული ენის გრამატიკისათვის სისტემური სახის მიცემისა ეკუთვნის ანტონ ბაგრატიონს. მისი „ქართული ღრამმატიკის“ პირველი რედაქცია 1753 წელს დაიწერა. ანტონის შემდეგ არაერთმა მოღვაწემ სცადა თავისი წვლილი შეეტანა ქართული ენის გრამატიკის კიდევ უფრო სრულყოფილი ვერსიის შექმნაში. ანტონ I-ის გრამატიკის გარდა, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულამდე მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო დაწერა - გაიოზ რექტორის „ ქართული ღრამმატიკა“. სამაგიეროდ, ამ თვალსაზრისით საოცრად ინტენსიური მუშაობა გაიშალა XIX საუკუნეში. ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა დავით და იოანე ბატონიშვილების, იოანე ქართველიშვილის, სოლომონ დოდაშვილის, პლატონ იოსელიანის, ზურაბ შანშოვანის, დიმიტრი ყიფიანის, არისტო ქუთათელაძის, პოლიევქტო კვიცარიძის, თევდორე ჟორდანიას და ანდრია ბენაშვილის სახელმძღვანელოები. ნაშრომთა რაოდენობა - 11 - თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ წიგნიერი საზოგადოება გრძნობს ენის ნორმალიზების საჭიროებას. აშკარაა, რომ იბადება ახალი ქართული ენა; შესაბამისად, საჭიროა ყველა ცვლილების ანალიზი და ენის განვითარების კანონზომიერებათა ამოცნობის კვალობაზე პროცესისათვის სწორი მიმართულების მიცემა. ცხადია, ზემოხსენებულ ავტორთა ნაშრომებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის ფორმირების საქმეში, მაგრამ XIX საუკუნეში ენობრივი საკითხების განხილვა არ იყო შემოფარგლული მხოლოდ „სწავლულ კაცთა“ ვიწრო წრით. მაშინდელი პერიოდული პრესის ფურცლებზე ხშირად იმართებოდა ე.წ. „საგრამატიკო“ საკითხებთან დაკავშირებული პოლემიკა. კამათში აქტიურად იყვნენ ჩართული ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, იაკობ გოგებაშვილი, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი და სხვანი. რასაკვირველია, ამგვარ სტატიებს დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს არა მხოლოდ ფართო მკითხველი საზოგადოება, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ენის საკითხებზე მუშაობდნენ. რასაკვირველია, ანტონ პირველის „ღრამატიკიდან“ მოყოლებული, ენათმეცნიერთა მიერ გამოწვლილვითაა შესწავლილი ყველა ზემოთ დასახელებული ავტორის სახელმძღვანელო, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით XIX საუკუნის პერიოდული პრესის, კერძოდ, ჟურნალების („ცისკარი“, „მნათობი“, „კრებული“) ენაზე. მათში, როგორც სარკეში, ისე ირეკლება ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიისა თუ სინტაქსის პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძიების პროცესი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა სწორედ ამ ჟურნალების პუბლიკაციებისა და მათი ენის და არა გრამატიკის თეორეტიკოსების ნააზრევის კვალობაზე (ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ ილია ჭავჭავაძის ინიციატივით ქართული ანბანიდან ხუთი ასოს ამოღების ფაქტიც კმარა). ცალკეული ავტორების შემოქმედებითი მემკვიდრეობის გარდა, დღემდე არ არის სრულფასოვნად გამოვლენილი ჟურნალებში დაბეჭდილი ყველა ამ ტიპის პუბლიკაცია; და, რასაკვირველია, არც საგანგებო შესწავლის საგნად არ ქცეულა, თუ რამდენად სწორი იყო ავტორთა დაკვირვებები და რამდენად არსებითი ხასიათის გავლენა მოახდინეს მათმა მოსაზრებებმა და იდეებმა ქართული გარმატიკის სისტემატიზებასა და სრულყოფაზე. ასევე, კონკრეტულად როგორ აისახა ყოველივე ეს მათი ნაწერების ენასა და სტილზე. კვლევითი პროექტით განსაზღვრულია XIX საუკუნის ქართულ პერიოდულ პრესაში, კერძოდ, ჟურნალებში „ცისკარი“, „კრებული“, „მნათობი“ - ერთი მხრივ, გრამატიკული კატეგორიების ფორმირებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიების შესწავლა, მეორე მხრივ, ავტორების ენასა და სტილზე დაკვირვება და ზოგადი კანონზომიერებების გამოკვეთა თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებსა და ძირითად მოდელებთან მათი ურთიერთმიმართების დადგენის მიზნით; ეს მეტად აქტუალურია, რამდენადაც საშუალებას მოგვცემს პარალელური ფორმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მივანიჭოთ და სალიტერატურო ენაში დავამკვიდროთ ის ფორმა, რომელიც ენის განვითარების ისტორიული კანონზომიერებითაა ნაკარნახევი. კვლევის განხორციელება დაგეგმილია სამ ეტაპად:  XIX საუკუნის უმნიშვნელოვანესი პერიოდული გამოცემებიდან („ცისკარი“, „მნათობი“, „კრებული“) ქართული ენის გრამატიკული კატეგორიების ფორმირებასთან დაკავშირებული სტატიების ამოკრება და თითოეული ავტორის პუბლიკაციების შიდა ქრონოლოგიის მიხედვით დალაგება;  თითოეული ავტორის თეორიული მოსაზრებებისა და ენის შესწავლა, გამოვლენილი მარკერების მისადაგება კონკრეტულ თეორიულ პარადიგმასთან/პარადიგმებთან;  საბოლოო შედეგის სახით, განმაზოგადებელი სამეცნიერო სტატიების მომზადება/გამოქვეყნება .
ხელმძღვანელი: შავთვალაძე ნანა
მონაწილეები: ბარნოვი ნინა,კუპრაძე ნანა,ფრუიძე ნანა
საკითხის აქტუალობა: კვლევითი პროექტით განსაზღვრულია XIX საუკუნის ქართულ პერიოდულ პრესაში, კერძოდ, ჟურნალებში „ცისკარი“, „კრებული“, „მნათობი“ - ერთი მხრივ, გრამატიკული კატეგორიების ფორმირებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიების შესწავლა, მეორე მხრივ, ავტორების ენასა და სტილზე დაკვირვება და ზოგადი კანონზომიერებების გამოკვეთა თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებსა და ძირითად მოდელებთან მათი ურთიერთმიმართების დადგენის მიზნით; ეს მეტად აქტუალურია, რამდენადაც საშუალებას მოგვცემს პარალელური ფორმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მივანიჭოთ და სალიტერატურო ენაში დავამკვიდროთ ის ფორმა, რომელიც ენის განვითარების ისტორიული კანონზომიერებითაა ნაკარნახევი.
მოსალოდნელი სიახლე: ქართული ენის გრამატიკული კატეგორიების ფორმირებაში ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა ღვაწლის გამოკვეთა და ე.წ. პარალელურ ფორმათა შორის ენის განვითარების კანონზომიერების კვალობაზე მართებული ფორმების შერჩევა.
სავარაუდო გეგმა:  ამოცანა #1- 2023 წლის I-IV კვარტალი. XIX საუკუნის პერიოდული პრესის შესწავლა; საკვლევი საკითხის სპეციფიკის შესაბამისად სამუშაოს დაგეგმვა/ ორგანიზება (ნანა შავთვალაძე) და განხორციელება (ნინო ბარნოვი, ნანა კუპრაძე). მოსალოდნელი შედეგი: თემატურად რელევანტური მასალის მოძიება; შუალედური შედეგი: მასალის სისტემატიზება და შესასწავლად მომზადება (ნანა ფრუიძე); შედეგის ინდიკატორი: გამოვლენილი და წინასწარ შეთანხმებული პრინციპით დალაგებული პუბლიკაციები.  ამოცანა #2 - მიღებული მონაცემების გაშიფრვა/დამუშავება და ანალიზი - 2024 წლის I-IV კვარტალი. მოსალოდნელი შედეგი: სამეცნიერო ანალიზისთვის რელევანტური მონაცემების არსებობა გრამატიკული კატეგორიების ფორმირების თავისებურებების შესახებ; შუალედური შედეგი: ცალკეულ ავტორთა ენობრივი კოცეფციის გამოკვეთა; შედეგის ინდიკატორი: კვლევის შედეგად მოპოვებული მასალის ანალიზი;  ამოცანა #3 - კვლევის შედეგების ასახვა სამეცნიერო პუბლიკაციებში. 2025 წლის I-IV კვარტლები. მოსალოდნელი შედეგი: კვლევების შედეგად მოძიებული მასალის შემოტანა სამეცნიერო მიმოქცევაში; შუალედური შედეგი: სამეცნიერო მოხსენების და/ან პუბლიკაციის მომზადება მოძიებული და მეცნიერულად დამუშავებული მასალის საფუძველზე; შედეგის ინდიკატორი: გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია, სამეცნიერო კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენება;
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი,ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-06-01
დასრულება: 2026-06-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.