საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ნარჩენი აგროქიმიკატების განსაზღვრა კვების პროდუქტებში მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით (სურსათის უვნებლობის კვლევები მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით)
მოკლე აღწერა: ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მზარდი რაოდენობა განაპირობებს საკვების რესურსების გარკვეულ სიმწირეს. ამ პრობლემის დაძლევის მიზნით, საჭირო ხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების ინტენსიური წარმოება, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება აგროქიმიკატების დიდი რაოდენობით გამოყენებას. აგროქიმიკატების (პესტიციდები, ჰერბიციდები, ზრდის სტიმულატორები და ა.შ.) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოსავლის ზრდა და, ამავე დროს, გააუმჯობესოს პროდუქტის ვიზუალური მხარე და გემოც კი, თუმცა, მეორე მხრივ, აგროქიმიკატების ნარჩენები შეიძლება აღმოჩნდეს კვების პროდუქტებში და, შესაბამისად, შექმნას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური და ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემები. აქტუალურ ეტაპზე, გარემოში 1500-ზე მეტი ქირალური მავნებელი ნივთიერებაა იდენტიფიცირებული [1]. რამდენადაც, ჩვენს ქვეყანაში მეურნეობები ძირითადად მცირე ზომისაა, აგროქიმიკატების გამოყენების რეგულირება და ეფექტური კონტროლი გართულებულია. ამასთანავე, ფერმერებს აქვთ არასაკმარისი ცოდნა აგროქიმიკატების ტიპის, რაოდენობისა და მათი გამოყენების დროის შესახებ. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ზრდის კვების პროდუქტებში სახიფათო აგროქიმიკატების შეღწევის რისკს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უპირატესად აგრარული ქვეყანაა, მაღალია სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ზეთი, თევზი და ა.შ.) იმპორტი. იმპორტირებული პროდუქციის ტესტირება აგროქიმიკატების ნარჩენებზე, ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისად ხორციელდება. წინამდებარე პროექტის ძირითადი მიზანია ნარჩენი აგროქიმიკატების შესწავლა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტში. ანალიზური ტექნიკის სახით, დაგეგმილია მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიისა და მას-სპექტრომეტრიის გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში, ჩართული იქნება სხვა ინსტრუმენტული ტექნიკებიც, როგორებიცაა გაზური ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრია, ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპია, კაპილარული ელექტროფორეზი და სხვ. პროექტი განხორციელდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრასთან თანამშრომლობით, რომელთანაც უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება. ამავე დროს, თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, კვლევებში შესაძლებელია ჩართულ იქნეს პროფ. ალესანდრა ჯენტილის სამეცნიერო ჯგუფი (რომის საპიენცას უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიის კათედრა, იტალია). ბევრი აგროქიმიკატი არის ქირალური მოლეკულა და წარმოადგენს სტერეოიზომერების ნარევს. ჩვეულებრივ, სტერეოიზომერებს აქვს განსხვავებული ზემოქმედება მიზნობრივ და არამიზნობრივ ობიექტებზე. ამავე დროს, ხასიათდებიან განსხვავებული მეტაბოლიზმითა და დეგრადაციის (ენზიმური ან მიკრობული) კინეტიკით, რაც იწვევს მათ განსხვავებულ მდგრადობას სამიზნე ობიექტებსა და გარემოში. ხსენებული ასპექტების შესწავლა გათვალისწინებულია წინამდებარე პროექტის ფარგლებში. ლიტერატურა: [1] A. A. Basheer, “Chemical chiral pollution: Impact on the society and science and need of the regulations in the 21st century,” Chirality, vol. 30, no. 4, pp. 402–406, Apr. 2018, doi: 10.1002/CHIR.22808.
ხელმძღვანელი: ლომსაძე ქეთევან
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: ჩვენს ქვეყანაში მეურნეობები ძირითადად მცირე ზომისაა, რის გამოც, აგროქიმიკატების გამოყენების რეგულირება და ეფექტური კონტროლი გართულებულია. ამასთანავე, ფერმერებს აქვთ არასაკმარისი ცოდნა აგროქიმიკატების ტიპის, რაოდენობისა და მათი გამოყენების დროის შესახებ. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ზრდის კვების პროდუქტებში სახიფათო აგროქიმიკატების შეღწევის რისკს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უპირატესად აგრარული ქვეყანაა, მაღალია სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ზეთი, თევზი და ა.შ.) იმპორტი. იმპორტირებული პროდუქციის ტესტირება აგროქიმიკატების ნარჩენებზე, ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისად ხორციელდება. წინამდებარე პროექტის ძირითადი მიზანია ნარჩენი აგროქიმიკატების შესწავლა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტში.
მოსალოდნელი სიახლე: 1) აგროქიმიკატების რაოდენობრივი განსაზღვრის ანალიზური მეთოდების დამუშავება და ვალიდაცია; 2) ქირალური აგროქიმიკატების სტერეოსელექტიური ანალიზის მეთოდების დამუშავება და მათი ენანტიოსელექტიური მეტაბოლიზმისა და განაწილების თავისებურების კვლევა.
სავარაუდო გეგმა: პროექტის სამუშაო გეგმა და სავარაუდო ვადები შემდეგია: 1) სხვადასხვა ბოსტნეულის, ხილის, ხორცპროდუქტების, კონსერვირებული საკვების, ყველის და ა.შ. მოძიება მცირე მარკეტებსა და სუპერმარკეტებში. ამ ობიექტებიდან აგროქიმიკატების პოტენციური ნარჩენების იზოლაცია და იდენტიფიცირება მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრიისა და გაზური ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრიის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, ჩართული იქნება სხვა ინსტრუმენტული მეთოდებიც (1-ლი წელი). 2) სხვადასხვა ობიექტში აღმოჩენილი აგროქიმიკატების რაოდენობრივი განსაზღვრის ანალიზური მეთოდების დამუშავება, ვალიდაცია და ამ მეთოდების გამოყენება ადგილობრივად წარმოებული და იმპორტირებული საკვები პროდუქტების ფართო სპექტრის მიმართ (მე-2 წელი). 3) ქირალური აგროქიმიკატების სტერეოსელექტიური ანალიზის მეთოდების დამუშავება და მათი ენანტიოსელექტიური მეტაბოლიზმისა და განაწილების თავისებურების კვლევა მიზნობრივ ობიექტებსა და გარემოში (არამიზნობრივი ობიექტები, ნიადაგი, წყლის აუზი და ა.შ.) (მე-3 წელი).
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2026-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: პროექტი განხორციელდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრასთან თანამშრომლობით, რომელთანაც უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება. ამავე დროს, თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, დაგეგმილია პროფ. ალესანდრა ჯენტილის სამეცნიერო ჯგუფის (რომის საპიენცას უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიის კათედრა, იტალია) ჩართვა კვლევებში.
პუბლიკაცია: გათვალისწინებულია შედეგების გამოქვეყნება პროექტზე მუშაობისა და მისი დასრულების შემდეგ.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა