საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: არმაზი - წინაქრისტიანული ქართლის უზენაესი ღვთაება
მოკლე აღწერა: ღვთაება არმაზის რაობის დადგენა ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხთაგანია, რამდენადაც, როგორც წინაქრისტიანული ქართლის უზენაესი ღვთაება, „ღმერთი ღმერთთა“ არმაზი ქვეყნის რელიგიური ორიენტაციის უმთავრესი მსაზღვრელია. იმის მიუხედავად, რომ არმაზის იდენტიფიკაციას მკვლევარნი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულიდან ცდილობდნენ, ამ ღვთაების სიღრმისეულ შესწავლას არ დათმობია სათანადო ყურადღება - მას მეტ-ნაკლები შტუდირებით თუ ეხებოდნენ გარკვეულ ისტორიულ თუ ფილოლოგიურ ძიებათა კონტექსტში. საკითხის გადაჭრის სირთულეს განაპირობებდა არმაზზე არსებულ წყაროსეულ მონაცემთა უკიდურესი სიმწირე და ფრაგმენტულობა, რაც აძნელებს ანთროპომორფული კერპის სახით აღწერილი ამ ღვთაების პერსონიფიკაციას. შესაბამისად, დღემდე არსებობს მისი მრავალგვარი და ურთიერთგამომრიცხავი დეფინიცია; ზოგი მკვლევარი თუ არმაზს ირანულ ღვთაება აჰურა მზდასთან აკავშირებს, სხვანი მას ხეთურ-მცირეაზიურ მთვარის ღვთაება არმა-დ, მცირეაზიურ (ხურიტულ) ომისა და ტაროსის ღვთაება თეშუბად, ასევე მითრად, ან მზის ღვთაებად თუ რომაულ იუპიტერ-დოლიქენესად მიიჩნევენ. ამ მოსაზრებათა შორის საბოლოოდ მიღებულ და დამკვიდრებულ იქნა თეორია არმაზის მთვარის ღვთაება არმა-სგან წარმომავლობის შესახებ, რომელიც, არც არსებულ კონცეფციათა შეჯერების შედეგად მიღებულ ლოგიკურ დასკვნას წარმოადგენს, და არც რაიმე მნიშვნელოვანი არგუმენტით გამყარებულ პრიორიტეტულ მოსაზრებას. შესაბამისად, არმაზის კერპისა და არმაზის კულტის საკითხი კარგა ხანია საჭიროებს მეცნიერულ მიდგომასა და კრიტიკულ განხილვა-გაანალიზებას მასზე არსებული ყველა კონცეფციისა, რათა საბოლოოდ გადაიჭრას ამ ღვთაების დეფინიციის საუკუნეზე მეტხნიანი პრობლემა.
ხელმძღვანელი: გველესიანი მარიამ
მონაწილეები: ქიმერიძე ქეთევან
საკითხის აქტუალობა: სადღეისოდ, არმაზის კულტთან მიმართებით, სამეცნიერო მიმოქცევაში კვლავ იჩენს თავს ურთიერთგანსხვავებული თეორიები, რომელთა შორის დომინირებს კონცეფცია არმა-სთან არმაზის კავშირის შესახებ, რაც არა მხოლოდ ღიად ტოვებს უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას წინაქრისტიანული საქართველოს პოლიტიკური და რელიგიური ცხოვრებიდან თუ მხატვრული კულტურიდან, არამედ ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაშიც კი მოდის მასთან. თუ ქრისტიანობის დაკვიდრებასთან დაკავშირებული საკითხები გარკვეული სისრულით გაშუქებულია მკვლევართა მიერ, დღემდე არაა ერთმნიშვნელოვანი დასკვნა გამოტანილი არმაზის რაობის შესახებ. ეს გარემოება, ისევე როგორც საკითხის მნიშვნელოვნება, განაპირობებს ამ ღვთაების სიღრმისეული შესწავლის აცილებლობას.
მოსალოდნელი სიახლე: პროექტი ითვალისწინებს ინტერდისციპლინარულ კვლევას არმაზის რაობის, ამ ღვთაების ფუნქციის, მისი იკონოგრაფიული სახის წარმომავლობისა და კულტის თავისებურებათა დასადგენად. ქართლის სახელმწიფოებრიობის დამაარსებელი პირველი მეფის, ფარნავაზის მიერ დაფუძნებული არმაზის კულტის დეფინიციის პრობლემის გადაჭრა მოითხოვს საკითხთა მეტად ფართო სპექტრის წარმოჩენასა და გაანალიზებას მახლობელი ცივილიზაციების ისტორიულ-რელიგიურ და კულტურულ რეალიათა ჭრილში, რაც განსაზღვრავს პროექტის სიახლეს და რაც საკვლევ თემას მრავალწახნაგოვანი და ფუნდამენტური გამოკვლევის სახეს მიცემს. წინამდებარე პროექტის ავტორს ჩატარებული აქვს სამუშაო აღნიშნულ საკითხზე მრავალი წლის წინ, თუმცა რიგ გარემოებათა გამო ის დღემდე წიგნად არ გამოცემულა. ამ წლების მანძილზე დაგროვდა არაერთი ახალი მასალა, გამოიცა სხვადასხვა სახის კვლევები დასავლურ სამეცნიერო მიმოქცევაში, რომელთაც გარკვეულწილად აქვს შეხება იმ სხვადასხვა საკითხთან, რომელიც წამოიჭრება პროექტით გათვალისწინებულ ნაშრომში. მათი შესწავლა და გაანალიზება ახალი არგუმენტებით დაასაბუთებს იმ ფაქტს, რომ არმაზს არანაირი კავშირი არ აქვს არც არმა-სთან, არც მითრასთან თუ თეშუბთან, და რომ ის ირანული აჰურა მაზდას პერსონიფიკაციაა ქართულ ნიადაგზე.
სავარაუდო გეგმა: ნაშრომის დასრულება გათვლილია სამ წელზე (01.11.2022-01.11.2025). პირველ წელს (01.1102022-01.11.2023) მოძიებული და დამუშავებული იქნება კვლევის საკითხთა ფართო სპექტრთან დაკავშირებული, სხვადასხვადარგოვანი სამეცნიერო ლიტერატურა; მეორე ეტაპზე (01.11.2023-01.11.2024) მომზადდება ნაშრომი, რომლის ვადამაც, შესაძლოა, გადაიწიოს რამდენიმე თვით მესამე ეტაპზე; ბოლო, მესამე ეტაპზე (01.11.2024-01.11.2025) შესრულდება ინგლისურენოვანი თარგმანი და მომზადდება თანდართული სამეცნიერო აპარატურა (ფოტომასალა, საძიებლები და სხვ.) და წლის ბოლოს, გადაეცემა დასაბეჭდად.
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: წარდგენილი
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: ცალკეულ საკითხებზე კონსულტაციების მიზნით, გათვალისწინებულია თანამშრომლობა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორ მიხეილ შენკართან, რომელიც არის წინაისლამური ირანის რელიგიისა და კულტურის მკვლევარი, ასევე, პროფ არმენ პეტროსიანთან (სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია), რომელიც იკვლევს წინაქრისტიანული სომხეთის რელიგიასა და კულტურას. მოსალოდნელია სამეცნიერო კონტაქტები სხვა სპეციალისტებთანაც.
პუბლიკაცია: ნაშრომი გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) მონოგრაფიის სახით, როგორც ბეჭდურად, ასევე ციფრული ფორმატით, თანდართული ილუსტრაციებით, საძიებლებითა და აკადემიური გამოცემისთვის სათანადო სამეცნიერო აპარატურით.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა