მოკლე აღწერა: |
სასარგებლო წიაღისეულის ინტენსიური ამოღება გარემოს იმდენად აბინძურებს, რომ მის გარშემო არსებულ ნიადაგებზე მოყვანილი კვების პროდუქტები ხშირ შემთხვევაში ძალზე მავნებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. გარემოს ქიმიური დამაბინძურებლებიდან ყველაზე საშიშია მძიმე ლითონები და რადიონუკლეიდები. მათი მაღალი კონცენტრაციებით შემცველობა საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ცოცხალი ორგანიზმის ბიოქიმიურ ციკლში ჩართვისას, ისინი ორგანიზმიდან ძნელად გამოიდევნება და პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. საქართველოში არსებული საბადოებიდან, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კაზრეთის საბადოები, რომლებიც მდებარეობს ბოლნისის რაიონში, მდინარე მაშავერას ხეობის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ტერიტორიებზე. ეს სპილენძშემცველი სულფიდური საბადოები, რომლებიც ღია კარიერული წესით მუშავდება, ტოქსიკური ლითონებით გარემოს ინტენსიურ დაბინძურებას იწვევს. ათეულობით კვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგიონში ნიადაგისა და წყლის დაბინძურება წლების განმავლობაში ნორმას საკმაოდ აღემატება. დაბინძურებული მდინარე კაზრეთულა დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მავნე ელემენტებს, როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი. ზემოთ აღნიშნული ელემენტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა სამი: კადმიუმი, ტყვია და დარიშხანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე საზიანო გავლენას ახდენს. რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა, საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებული მდინარეები მაშავერა და ფოლადაური კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. ეს პრობლემა უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ასევე ქალაქების მოსახლეობას, რომელიც ამ ბოსტნეულით მარაგდება. საწარმოს მიმდებარედ არსებობს სასოფლო სამეურნეო სავარგულები, სადაც მოჰყავთ ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები, ცნობილია, რომ ბოსტნეული განსაკუთრებით სენსიტიურია მძიმე მეტალების მიმართ და პირდაპირ ითვისებს მათ. ჩვენს მიერ დაგეგმილი კვლევისმიზანი მდგომარეობს შემდეგში: შევისწავლით რა წილი აქვს სარწყავ წყალს ბოსტნეული კულტურების მძიმე მეტალებით (კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია,) დაბინძურებაში, ასევე შევისწავლით მძიმე მეტალების შემცველობას აღნიშნულ რაიონებში მოყვანილ ბოსტნეულ კულტურებში და შევადარებთ სხვა რაიონების იგივე სახეობის ბოსტნეულთან. |