საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში
მოკლე აღწერა: სამეცნიერო-საგრანტო პროექტის მიზანია დოკუმენტური მასალებისა და წყაროების მიხედვით დაიწეროს რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში, რომელიც განკუთვნილი იქნება სახელმძღვანელოდ როგორც ქართველი, ასევე უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტებისათვის. დოკუმენტები, რომელთაც ხშირად თავად რუსი მოხელეები და ისტორიკოსები ადგენდნენ, ნათლად წარმოაჩენს იმ უკანონობასა და აგრესიას, რასაც დამპყრობელი რუსეთი ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩადიოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ მოვლენათა ობიექტური გაანალიზება დაეხმარება ახალგაზრდებს, უკეთ ჩაწვდნენ დღევანდელი პრობლემების გამომწვევ მიზეზებს: საქართველოსთან რუსეთის ომსა და ქვეყნის განგრძობით ოკუპაციას, რომელიც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და დამანგრეველი შედეგებით დღესაც მიმდინარეობს. წიგნი დაეხმარება ახალგაზრდებს სწორად შეაფასონ წინაპართა მიერ აღებული პოლიტიკური ორიენტაცია, მისი მიზეზები და შედეგები. XV საუკუნიდან დაწყებული, ქართველი მეფეები აღმოსავლეთის დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეს ეძებდნენ. ბიზანტიის დაცემის შემდეგ ევროპასთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენა და დასავლური ფასეულობებისადმი მისწრაფება მათ ქრისტიანულ რუსეთთან დაახლოებისკენ უბიძგებდა. რუსეთი საქართველოსთვის ევროპასთან დამაკავშირებელი გზა იყო და მას მხოლოდ მაშინ მიმართავდნენ, როდესაც ევროპის ქვეყნებთან პირდაპირ ურთიერთობას ვერ ამყარებდნენ. რუსეთის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა კავკასიაში გაბატონება. იმპერიად ჩამოყალიბების დროიდან ეს სურვილი განსაკუთრებით გაძლიერდა, რადგან საზღვრებს რუსეთის სახელმწიფო მიმდებარე ტერიტორიების ანექსია-ოკუპაციით იფართოებდა. იმპერიული რუსეთი მფარველობას პირდებოდა საქართველოს, სინამდვილეში კი მის დაპყრობას გეგმავდა. ეს შეფარული აგრესია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საბედისწერო გამოდგა. რუსი პოლიტიკოსები და მეცნიერები დღემდე ამტკიცებენ, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყანა კი არ დაუპყრია, ქართველ მეფეთა დაჟინებული თხოვნით შეიერთა. სინამდვილეში, არცერთ ქართველ მეფეს არ უფიქრია დაეთმო ტახტი და თავისი კანონიერი უფლებები მთლიანად გადაეცა რუსეთის მეფეებისათვის. მათ მეზობელი ერთმორწმუნე ქვეყნისგან მხოლოდ მფარველობა და სამხედრო დახმარების მიღება სურდათ. ამ მიზანს ისახავდა 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც 1801 წელს რუსეთმა უხეშად დაარღვია, თვითნებურად მოახდინა საქართველოს ნაწილ-ნაწილ ანექსია და დიდი ისტორიული წარსულისა და კულტურის ქვეყანა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან წაშალა. რუსული სახელმწიფო დაპყრობილ ტერიტორიებს იმპერიის ბუნებრივ ნაწილად განიხილავდა და, ამიტომ, ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია-გარუსებას ყველანაირი გზით ცდილობდა. კავკასიაში ყველაზე უვიც, მექრთამე მოხელეებს გზავნიდნენ. ასეთ ადამიანებს არ შეეძლოთ ეგრძნოთ და დაეფასებინათ უძველესი და მდიდარი ქართული კულტურული ტრადიციები, ისინი დაუფარავად დასცინოდნენ ჩვენი ქვეყნის წარსულს, რუსეთს თვლიდნენ „განმანათლებელ“, საქართველოში კულტურის შემომტან ქვეყნად, დაუნდობლად ექცეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. რუსული ორასწლოვანი ოკუპაციის შედეგად მიღებული ტრავმა დიდია: ძალადობრივად გაუქმებული ქართული სამეფო-სამთავროები, პოლიტიკური ელიტის ფიზიკური განადგურება და საქართველოს სამეფო დინასტიების წარმომადგენელთა რუსეთში ძალდატანებით გადასახლება, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, ეკლესიის კუთვნილი ეროვნული საგანძურის გაძარცვა-განადგურება და მისი რუსეთში გატანა, რუსიფიკაციის მიზანმიმართული პოლიტიკა, ქართულ ენაზე სწავლა-განათლებისა და ღვთისმსახურების ფაქტობრივად აკრძალვა, დემოგრაფიული და ეკონომიკური ექსპანსია, საბჭოთა არმიის მიერ სუვერენული საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს დაპყრობა (1921 წ.), საბჭოთა ხელისუფლების მიერ ათიათასობით რეპრესირებული ადამიანი, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის განადგურება, აფხაზური და ოსური სეპარატიზმის მიზანმიმართული გაღვივება, სუვერენულ სახელმწიფოში მცირე ერების დაცვის საბაბით შეჭრა და ქვეყნის ტერიტორიების 1/5 ნაწილის ოკუპაცია, საქართველოს ავტონომიური ერთეულების _ აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და ა. შ.
ხელმძღვანელი: ჭუმბურიძე დოდო
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: საკითხი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღესაც მიმდინარეობს რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის პროცესი საქართველოს ტერიტორიების მიმართ, ოკუპირებულია ქვეყნის 20%ამჟამად მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომმა, დასავლეთის რეაქციამ რუსეთის აგრესიაზე და ფაქტობრივად უკრაინელი ხალხის გენოციდზე, საერთაშორისო ორგანიზაციების და პოლიტიკოსების განცხადებებმა მეტი სიცხადე შეიტანა რუსული ოკუპაციის მიზნების დანახვა-შეფასებაში, რამაც საქართველოში რუსეთის ოკუპაციის ახლებურად წარმოჩენის აუცილებლობაც გააჩინა.
მოსალოდნელი სიახლე: საკვლევი პროექტის მთავარი სამეცნიერო სიახლე იქნება: 1. A_4--ფორმატით გამოცემული 600-700- გვერდიანი, 12 თავად დაყოფილი წიგნი, რომელიც სამეცნიერო წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით სრულად და ობიექტურად ასახავს რუსული ოკუპაციის ისტორიას საქართველოში; 2. წიგნს ექნება როგორც თეორიული, სამეცნიერო ღირებულება, ასევე პრაქტიკული დანიშნულებაც: ის გამოადგება სტუდენტ ახალგაზრდობას არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო პოლიტიკაში წამოჭრილი ბევრი პრობლემის სწორად შეფასებაში; 3. თუ გავითვალისწინებთ საკვლევი თემისადმი საზოგადოების დიდ ინტერესს, სავსებით შესაძლებელია პროექტის კომერციალიზაცია, კვლევის შედეგად გამოქვეყნებული ნაშრომის თავისუფალ გაყიდვაში ჩართვა.
სავარაუდო გეგმა: 1. რუსეთის ჩამოყალიბება იმპერიად და კავკასიის დაპყრობისთვის მზადება: მფარველობის ხელშეკრულებები თუ დაპყრობის საბაბი: „ გეორგიევსკის ტრაქტატი“ და „სათხოვარი პუნქტები“ − სექტემბერი, 2022. 2. რუსული ოკუპაციის პირველი ეტაპი _ 1801-1803 წლები: ქართლ-კახეთის სამეფოს ოკუპაცია;ბაგრატიონების სამეფო ოჯახის წევრთა გადასახლება რუსეთში − ოქტომბერი, 2022. 3. რუსული ოკუპაციის მეორე ეტაპი_ იმერეთის სამეფოს ოკუპაცია − ნოემბერი, 2022; 4. ქართული სამეფო-სამთავროების გაუქმება და საქართველოს ოკუპაციის დასასრული მე-19 საუკუნის 20-50-იან წლებში − დეკემბერი, 2022; 5. საქართველოს ომი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ: ქელმენჩურის შეთქმულება, 1804 წლის საქართველოს მთიანეთის აჯანყება რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ, იმერეთის 1809-1810 წლების აჯანყება, 1812-1813 წლების კახეთის აჯანყება, დასავლეთ საქართველოს აჯანყება 1819-1820 წლებში, მომდევნო წლების აჯანყებები და შეთქმულებები რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ− იანვარი, 2023. 6. საქართველოს რუსული მმართველობა საოკუპაციო რეჟიმის სამსახურში (1801-1917 წ.წ.); რუსეთის საოკუპაციო ჯარის მოქმედება საქართველოში, ქართველები კავკასიისა და აღმოსავლურ ომებში; ქართული საზოგადოების „მოთვინიერების“ ცდები, კოლაბორაციონიზმი და ნიჰილიზმი − თებერვალი, 2023; 7. საქართველოს ეკლესია _ერთმორწმუნე რუსეთის მიერ ქარველი ერის სულიერად გატეხვისათვის გამოყენებული იარაღი, რუსი ეგზარქოსების საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში − მარტი, 2023; 8. რუსეთის ლიბერალური წრეების დამოკიდებულება ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ მოძრაობის მიმართ, ქართული ნაციონალიზმი და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის ფორმები. ევროპული ორიენტაციის საკითხი ქართველ მოაზროვნეთა ნაწერებში − აპრილი, 2023; 9. რუსეთის პოლიტიკური და კულტურული რეპრესიები საქართველოში: კავკასიის საცენზურო კომიტეტი; პოლიტიკური დევნა და რეპრესიები 1900-იან წლებში − მაისი, 2023; 10. რუსეთის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში; საქართველოს ახალი ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელს. საქართველო საბჭოურ სისტემაში, ბოლშევიკურ-კომუნისტური რეპრესიები ქართველი ხალხის მიმართ − ივნისი, 2023; 11. ბრძოლა საქართველოს დანაწილებისათვის, ოსური და აფხაზური სეპარატიზმის გაღვივება, უკანონო ავტონომიური ერთეულების შექმნა მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში;კრემლის ანტიქართული გეოპოლიტიკური პროექტები − ივლისი, 2023; 12. რუსული ოკუპაციის ახალი ეტაპი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში: 1992-1993 წლების მოვლენები აფხაზეთსა და ე. წ.„სამხრეთ ოსეთში“, რუსეთის ახალი ომი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ: 2008 წელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებები და მოვლენების ანალიზი აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის კონტექსტში; შემაჯამებელი რეზიუმე: ისტორიული მოვლენების ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები − აგვისტო, 2023.
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: „სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 2023-03-01
დასრულება: 2024-03-01
მიზნობრიობა: საგანმანთლებლო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება: 15610
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: 15610
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: 15610
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: სახელმძღვანელოს დაბეჭდვა

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა