საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: მოზარდთა დეპრესიის და შფოთვის დონე პოსტ კოვიდურ ვითარებაში
მოკლე აღწერა: კოვიდ პანდემიამ მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვალა, რაც აისახა ადამიანთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე; ასევე, - შეცვალა ადამიანთა აღქმები, დამოკიდებულებები და მათი შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ეს კი, განსაკუთრებით შეეხო ბავშვებს, რომლებიც მეტად მოწყვლადნი არიან და ადვილად ექცევიან ნეგატიური ინფორმაციის ნაკადის გავლენის ქვეშ. გამოკვლევების შედეგების თანახმად, ბავშვები და მოზარდები (მოწყვლადი ჯგუფები), უფრო ძლიერ სტრესს განიცდიან სათანადო ემოციური რეაქციებისა და დაძლევის ტექნიკის განვითარების ნაკლებობის გამო. ბუნებრივია, პანდემიამ გამოიწვია რიგი ცვლილებები ბავშვების ცხოვრების სტილში. სოციალურმა იზოლაციამ და სახლში დარჩენის პრაქტიკამ შეაფერხა ბავშვის ფიზიკური აქტივობა და შეცვალა მისი ყოველდღიური რუტინა. დისტანციურმა განათლების შემოღებამ და მეგობრებთან შეზღუდულმა ურთიერთობებმა ბავშვებში შფოთვა და შიში დაბადა. პანდემიამ და სოციალურმა იზოლაციამ, ბავშვებში ასევე გამოიწვია კვებითი ჩვევების შეცვლა. იმ პერიოდში პანდემიამ მთლიანად შეცვალა ბავშვების სოციალური ინფრასტრუქტურა, რამაც ბუნებრივია, რომ კვალი დატოვა დღევანდელი ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ ზრდასრულებთან შედარებით, ინფექციისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის გამო, მკვლევრები ნაკლებად იჩენდნენ ყურადღებას ბავშვებში COVID19-ით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ, რის გამოც, ბავშვებსა და მოზარდებში პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური შედეგების შესწავლასთან დაკავშირებით არსებობს კვლევების შეზღუდული რაოდენობა; პანდემიის გავლენით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების იდენტიფიკაცია მნიშვნელოვანია სიმპტომების შემცირებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების შემუშავების თვალსაზრისით. კვლევა ჩატარდება თბილისის კერძო და საჯარო სკოლის ბავშვებსა და მოზარდებში მათი ცხოვრების სტილის, დეპრესიისა და შფოთვის დონის განსაზღვრის მიზნით პოსტ-კოვიდურ სიტუაციაში. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარდება კონსულტაციები (ტრენინგები) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდება და სხვადასხვა კომუნიკაციური არხების დახმარებით გავრცელდება რეკომენდაციათა გზამკვლევი. კვლევის საბოლოო შედეგები აისახება სამეცნიერო კვლევით სტატიაში. კვლევის მიზნები: მიზანი 1. შემდეგი საკითხების კვლევა: 1. რა გავლენა მოახდინა COVID-19 პანდემიამ ბავშვთა და მოზარდთა ცხოვრების სტილზე? 2. როგორია პოსტ-პანდემიურ სიტუაციაში ბავშვთა და მოზარდთა შფოთვისა და დეპრესიის დონე? 3. არსებობს თუ არა მნიშვნელოვანი კავშირი სოციოდემოგრაფიულ ცვლადებსა და იმ ცვლილებებს შორის, რომლებსაც ადგილი აქვთ ბავშვებში ცხოვრების სტილს (სოციალური ტრავმა), შფოთვისა და დეპრესიის დონესთან მიმართებაში? მიზანი 2. ბავშვებსა და მოზარდებთან კონსულტაციური სამუშაოების ჩატარება კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე. მიზანი 3. პანდემიასთან გამკლავების მიზნით სასარგებლო რჩევების (რეკომენდაციების) გზამკვლევის შექმნა. საზომი ინსტრუმენტები: წარმოდგენილი პროექტით შესწავლილი იქნება COVID-19-ის პანდემიის გავლენა ბავშვების ცხოვრების სტილზე, დეპრესიისა და შფოთვის დონეზე. გამოკვლევა ჩატარდება თბილისის კეძო და საჯარო სკოლების ბავშვებსა და მოზარდებზე (დაახლოებით, 400-600). მოცემულ კვლევაში გამოვიყენებთ რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს. წარმოდგენილ პროექტში მონაცემთა შეგროვების მიზნით გამოყენებული იქნება კითხვარები. პირველ ეტაპზე 22 დებულებიანი კითხვარი, რომლის შეკითხვები ეხება ბავშვების სოციოდემოგრაფიულ ცვლადებს (ასაკი, სქესი და სხვა) და პანდემიის გავლენით არსებულ ცვლილებებს მათ ცხოვრების სტილზე (კვება, ძილი, ტელევიზორის ყურება, ინტერნეტის მოხმარება, სოციალური აქტივობა და სხვა). ბავშვების შფოთვის დონის შესაფასებლად, მეორე ეტაპზე გამოყენებული იქნება შფოთვის საკვლევი ინსტრუმენტი ბავშვებისათვის (The state‐trait anxiety inventory for children- STAIC). STAIC შექმნილია 1973 წელს სპილბერგერისა და ედვარდსის მიერ და 1995 წელს ადაპტირდა თურქულ ენაზე Özusta მიერ. კითხვარი შედგება ორ სუბსკალისაგან (თითოეულ მათგანში გაერთიანებულია 20 შეკითხვა), რომლებიც ცალ-ცალკე აფასებენ ბავშვის შფოთვის დონეს. ბავშვების დეპრესიის დონის შესაფასებლად გამოყენებულ იქნება ბავშვების დეპრესიის საზომი ინსტრუმენტი (CDI 2). ინსტრუმენტის საშუალებით მოხდება დეპრესიის კოგნიტური, აფექტური და ქცევითი ნიშნების შეფასება ბავშვებსა და მოზარდებში.
ხელმძღვანელი: ბურდული ნანა
მონაწილეები: აფთარაშვილი ია,თიაბაშვილი თინათინ,კერძაია თამარ,ლოლაძე თამარ,ნინოშვილი ეკა,ტყეშელაშვილი ლელა,ფურცელაძე ელენე,ჩომახიძე ელენე
საკითხის აქტუალობა: COVID-19-ის პანდემიის ფონზე, კვლევები ადასტურებს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვებსა და მოზარდებში შფოთვა და დეპრესია, ნარკოტიკების მოხმარება, მარტოობის განცდა და ოჯახში ძალადობა; შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორედ ასეთ მოწყვლად ჯგუფებზე კვლევების განხორციელება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება. მსგავსი პრევენციული ზომების გატარება დაგვეხმარება პროაქტიულად მოვემზადოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და მასთან დაკავშირებული შედეგების გარდაუვალი ზრდისთვის, რაც პანდემიის რეზულტატს წარმოადგენს. მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზა არის კვლევის ჩატარება, შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და მოწყვლადი ჯგუფების კონსულტირება, ფსიქიკური აშლილობების პრევენციის მიზნით გზამკვლევის შექმნა.
მოსალოდნელი სიახლე: ზრდასრულებთან შედარებით ინფექციისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის გამო, მკვლევრები შესაძლოა ნაკლებად იჩენდნენ ყურადღებას ბავშვებში COVID ‐ 19 -ით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ, რის გამოც, ბავშვებსა და მოზარდებში პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიურ შედეგების შესწავლასთან დაკავშირებით არსებობს კვლევების შეზღუდული რაოდენობა. კვლევის მიზანს წარმოადგენს COVID -19 პანდემიის გავლენით ბავშვებსა და მოზარდებში გამოწვეული ცხოვრების სტილის, შფოთვისა და დეპრესიის დონის განსაზღვრა საკვლევი ინსტრუმენტით, რომელიც გამოყენებული იყო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში (2). ინსტრუმენტი ადაპტირდება საქართველოს მოსახლეობისათვის. შედეგების დამუშავების შემდგომ პრევენციული აქტივობები განხორციელდება მოწყვლად ჯგუფებთან კონსულტაციების დახმარებით. ინოვაციას წარმოადგენს: ა) თურქეთში გამოყენებული ინსტრუმენტის სტანდარტიზაცია ქართულად. საკვლევი ინსტრუმენტის ადაპტირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ბავშვებისა და მოზარდების მდგომარეობის შეფასება პანდემიის გავლენის ფონზე, ასევე შესაძლებლობა იქნება ინსტრუმენტის გაზიარება პროფესიონალებისათვის მომავალი კვლევების ჩატარების მიზნით. ბ) მოწყვლად ჯგუფებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ჩატარება როგორც ონლაინ პლატფორმის საშუალებით, ასევე პირისპირ. ტელემედიცინამ განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ პანდემიის დროს მოიპოვა. პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ფსიქოლოგიური მომსახურება ნებისმიერ გეოგრაფიულ ადგილას და ნებისმიერ გარემოში, მათ შორის საკუთარ სახლებში. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციას (APA) სურვილი აქვს მომსახურების ამგვარი პრაქტიკა მომავალშიც, პანდემიის შემდეგაც გააგრძელოს. გ) ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე დამუშავდება რეკომენდაციათა გზამკვლევი, რომელიც დაინტერესებულ პირებს დაეხმარება პანდემიის გავლენით ნეგატიური ფსიქოლოგიურ შედეგებთან გასამკლავებლად.
სავარაუდო გეგმა: I წელი - 2500 ტესტის ადაპტაცია (ინსტრუმენტის თარგმნა, უკუთარგმნა): ტესტის საპილოტე ვერსიის მომზადება რეპრეზენტატული ჯგუფის განსაზღვრა და საპილოტე გამოკითხის მომზადება და ჩატარება (50 მოზარდი) ტესტის საბოლოო ვერსიის შემუშავება; სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა, შეხვედრების დაგეგმვა (დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები) და ორგანიზება (სკოლების შერჩევა); საგანმანათლებლო ტრენინგი/პრეზენტაცია - გამოკითხვისთვის სპეციალური ინსტრუქციების, პრეზენტაციების და მშობლებთან (მეურვე) შეთანხმების დოკუმენტის მომზადება და საინფორმაციო შეხვედრების/საგანმანათლებლო ტრენინგი უზრუნველყოფა. შერჩეულ რესპოდენტებთან (დაახლოებით 400-600 მოზარდთან) გამოკითხვის ჩატარება პირისპირ ან დისტანციურ რეჟიმში. II წელი - 3500 მიღებული მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზებში. მონაცემების დამუშავება და ინტერპრეტაცია; მიღებული შედეგების ანალიზი; შედეგების საფუძველზე მოწყვლადი ჯგუფის შერჩევა (რესპოდენტების დაახლოებით 20%) ფსიქოლოგიური კონსულტირების სერვისის მისაღებად; საბოლოო ანალიზი (კონსულტაციის შემდეგ მოზარდების ხელმეორედ ტესტირება). III წელი - 5500 სამიზნე ჯგუფებისათვის (მასწავლებლები, მშობლები, მოზარდები) რეკომენდაციების პაკეტების შემუშავება/ ტრიპლეტების შექმნა და გავრცელება; 2. მიღებული მონაცემების დამუშავება და სისტემური გაანალიზება. სამეცნიერო სტატიის მომზადება
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: „სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“
სკოლა/დეპარტამენტი: სოციალურ მეცნიერებათა სკოლა,ფსიქოლოგიის დეპარტამენტი
დაწყება: 2023-07-01
დასრულება: 2026-06-30
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება: 11500
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა