საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ფუნქციები

უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო და კვლევით საქმიანობის ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს ინსტიტუტის შემადგენლობაში მოქმედი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო (ამ მუხლში შემდგომში - „სამეცნიერო საბჭო“).

სამეცნიერო საბჭო ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინაშე.

სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მუდმივმოქმედი და დროებითი წევრები.

სამეცნიერო საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან:

  • უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (საბჭოს თავმჯდომარე);
  • უნივერსიტეტის პრორექტორი აკადემიურ და სამეცნიერო დარგში;
  • სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;
  • ინსტიტუტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო განვითარებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი;
  • ინსტიტუტის შემადგენლობაში შემავალი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიების დირექტორები;
  • უნივერსიტეტის განათლების და კვლევების განვითარების სამსახურის უფროსი;
  • უნივერსიტეტის თითოეული სკოლის მიერ განსაზღვრული დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე თითო წარმომადგენელი.

განსახილველი საკითხების შინაარსიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, საბჭოში შესაძლოა მოწვეულ იქნენ დროებითი წევრები. დროებითი წევრის მოწვევის საჭიროებას და ვინაობას განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.

განსახილველი საკითხების შინაარსიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, საბჭოში შესაძლოა მოწვეულ იქნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები. მათი მოწვევის საჭიროებას განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

სამეცნიერო საბჭოს იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.

საკუთარი ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში იქმნება დროებითი და მუდმივმოქმედი კომისიები. კომისიების შექმნის საჭიროებასა და შემადგენლობას განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

 

სამეცნიერო საჭოს ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;

ბ) უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და კვლევითი პროექტების შესახებ წლიური და სპეციალური ანგარიშების მოსმენა;

გ) საუნივერსიტეტო წლიური და რიგგარეშე სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება;

დ) უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო და კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო დებულებებისა და აქტების ინიცირება, განხილვა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ე) სკოლების, კვლევითი ინსტიტუტების, კვლევითი ცენტრების, ლაბორატრიების, დეპარტამენტების, მკვლევართა ჯგუფებისა და ინდივიდუალური მკვლევრების შიდა (საუნივერსიტეტო) დაფინანსებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა და დამტკიცება;

ვ) სადოქტორო კვლევითი პროექტების განხილვა და დამტკიცება;

ზ) შიდა (საუნივერსიტეტო) დაფინანსებასთან დაკავშირებული პროექტებისა და სადოქტორო კვლევითი პროექტების განხილვისა და დამტკიცების კრიტერიუმების შემუშავება და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

თ) შიდა (საუნივერსიტეტო) დაფინანსებასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსების წესის, საკონკურსო პირობებისა და დამტკიცებული პროექტების მიმდინარეობისა და განხორციელების შეფასების ინდიკატორების შემუშავება და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ი)  სამეცნიერო პუბლიკაციებისათვის პრემიის გაცემისა  და ჟურნალის შერჩევის პირობების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დანართი N1-ის შესაბამისად;

კ) ინსტიტუტის დირექტორის ან/და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა