საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: საქართველოში მოზარდი Smilax excelsa - ეკალღიჭის ფიტოქომიური კვლევა ფარმაკოლოგიური პოტენციალის შესწავლისათვის
მოკლე აღწერა: Smilax გვარის სახეობებს აქვს მრავალი ფრამაკოლოგიური აქტივობა, როგორიცაა ციტოტოქსიური, ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო, დიაბეტური, გამოიყენება კანის დაავადებებისათვის, რევმატიზმის მკურნალობისთვის, ასევე გააჩნიათ დეპრესიის საწინააღმდეგო, დიაფორეტული, შარდმდენი, მასტიმულირებელი და მატონიზირებელი მოქმედება. Smilax სახეობების ფიტოქიმიურმა შესწავლამ გამოიწვია მრავალი ბიოლოგიურად აქტიური სტეროიდული, ფლავონოიდური ნაერთების, ლიგნანების, ფენილპროპანოიდული გლიკოზიდების, ანთოციანების გამოყოფა. მათ უმრავლესობას ფარმაკოლოგიური მოქმედება ახასიათებთ. ამ მონაცემების მიხედვით, ძალიან აქტუალურია საქართველოში მოზარდი Smilax excelsa ცალკეული ნაწილების ქიმიური შედგენილობის შესწავლა სტეროიდულ, ფლავონოიდურ და მეორადი მეტაბოლიტების შემცველობაზე. Smilax excelsa - ეკალღიჭი ლიანა მცენარეა, რომელიც საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. მისი ნორჩი ტოტები გამოიყენება საკვებად, კარგი საშუალებაა ფსორიაზის, ართრიტის, ართროზის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, მეტეორიზმის სამკურნალოდ. ასევე, კარგია დეპრესიის, დაღლილობის დროს, იყენებენ ნერვული აშლილობის სამკურნალოდ. ასევე, მცენარეს აქვს სქესობრივი ფუნქციის/აქტივობის აღდგენის უნარი, ის ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას, ამცირებს ქალებში პოსტმენსტრუალურ პრობლემებს, აწესრიგებს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს და ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს. ეკალღიჭის ქიმიურ შემადგენლობაშია საპონინები, ფლავონოიდები, ფიტოსტეროიდები, გლიკოზიდები, სიტოსტერინი, სახამებელი, ორგანული მჟავები, სმილაცინი, ფისოვანი ნივთიერებები და სხვა მეორადი მეტაბოლიტები. წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება Smilax excelsa ცალკეული ნაწილების ქიმიური შედგენილობა, რითაც გაირკვევა ეკალღიჭის ცალკეული ნაწილების სხვადასხვა ქიმიური კლასის ნივთიერებათა ურთიერთგარდაქმნის მდგომარეობა, მათი მეტაბოლიზმის გზები მიწისქვეშა და მიწისზედა ორგანოებში, რაც ნათელს მოჰფენს მცენარეში მათი წარმოქმნის, ლოკალიზაციისა და დაგროვების საკითხს.
ხელმძღვანელი: დარახველიძე მარინა
მონაწილეები: ნებიერიძე ვაჟა,სუპატაშვილი თამრიკო
საკითხის აქტუალობა: სტეროიდები, როგორც ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები უდიდეს როლს ასრულებენ ორგანიზმის ცხოველმყოფელებაში და მცენარეთა მეორეული მეტაბოლიტების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კლასს წარმოადგენენ. ამ ჯგუფში შედის ყველა სასქესო ჰორმონი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები, ხერხემლიანების ნაღვლის მჟავები, მწერების ჰორმონები და სხვა ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. სტეროიდები ბუნებაში შედარებით იშვიათად არიან გავრცელებულნი და მათი შემცველი მცენარეების გამოვლინება კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. მცენარე Smilax excelsa - ეკალღიჭი მდიდარია სტეროიდული, ფენოური და სხვა მეორადი მეტაბოლიტებით და მრავალმხრივი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მათი ქიმიური და ფარმაკოლოგიური შესწავლისათვის. Smilax გვარი მოიცავს Smilaceae ოჯახის დაახლოებით 350 სახეობას და გავრცელებულნი არიან მთელ მსოფლიოში ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, მათ შორის აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ გვარის სახეობებს აქვს მრავალი ფრამაკოლოგიური აქტივობა, როგორიცაა სიმსივნის საწინააღმდეგო, დიაბეტური, გამოიყენება კანის დაავადებებისათვის: ჭრილობების, დამწვრობის, წყლულების და ანთების საწინააღმდეგო, ზოგიერთი სახეობის ფოთლები და ნაყოფები გამოიყენება რევმატიზმის მკურნალობისთვის, ასევე არიან დიურეზული და ანტიოქსიდანტების წყარო, წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ Smilax-ის ფესურებს აქვს ანტიბაქტერიული, ანტიფუნქციური, იმუნომოდულაციური და ჰეპატოპროტექტორული აქტივობა. S. excelsa თურქეთში გამოიყენება წონის კორექციის მიზნით, S. trinervula ფესვები და ფესურები ჩინეთში გამოიყენება მენჯის ძვლების ქრონიკული ტკივილის დროს, გარდა ამისა, ექსტრაქტს გააჩნია ციტოტოქსიური და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, S. aspera გამოიყენება სიფილისის, დიაბეტისა, რევმატიზმის და ქალებში მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობისთვის; ასევე, აღმოაჩნდა დეპრესიის საწინააღმდეგო, დიაფორეტული, შარდმდენი, მასტიმულირებელი და მატონიზირებელი მოქმედება, S. canariensis ფრაქციებს გააჩნია დიურეზული აქტივობა, S. riparia ფესვები და ფესურები გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, როგორც ეფექტური შარდმდენი, ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო. Smilax სახეობების ფიტოქიმიურმა შესწავლამ გამოიწვია მრავალი ბიოლოგიურად აქტიური სტეროიდული ფლავონოიდური ნაერთების ლიგნანების, ფენილპროპანოიდული გლიკოზიდების, ანთოციანების გამოყოფა. მათ უმრავლესობას ფარმაკოლოგიური მოქმედება ახასიათებთ, მაგ: ანტიოქსიდანტური ანთების საწინააღმდეგო, ციტოტოქსიური და სიმსივნის საწინააღმდეგო. ამ მონაცემების მიხედვით, ძალიან აქტუალურია საქართველოში მოზარდი Smilax excelsa ცალკეული ნაწილების ქიმიური შედგენილობის შესწავლა სტეროიდულ, ფლავონოიდურ და მეორადი მეტაბოლიტების შემცველობაზე. Smilax excelsa - ეკალღიჭი ლიანა მცენარეა. აქვს გრძელი დაკლაკნილი ეკლიანი ღერო; ფოთოლი ფორმით სამკუთხა კვერცხისებული ან მომრგვალო კვერცხისებურია. ნაყოფი წითელი ფერის კენკრაა. ყოველი ფოთლის ძირში ორი ულვაში აქვს, რომლებითაც ეჭიდება საყრდენ მცენარეებსა და საგნებს. საქართველოში გავრცელებულია ყველგან ვაკე–დაბლობებსა და მთებისწინა ზოლში, ფართოდ არის გავრცელებული ტყეებში. ეკალღიჭს მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია. მისი ნორჩი ტოტები გამოიყენება საკვებად. მის ქიმიურ შემადგენლობაშია საპონინები, ფლავონოიდები, ფიტოსტეროიდები, გლიკოზიდები, სიტოსტერინი, სახამებელი, ორგანული მჟავები, სმილაცინი, ფისოვანი ნივთიერებები. ეკალღიჭი კარგი საშუალებაა ფსორიაზის, ართრიტების, ართროზების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, მეტეორიზმის, სიფილისის სამკურნალოდ. ასევე კარგია დეპრესიის, დაღლილობის დროს, იყენებენ ნერვული აშლილობის სამკურნალოდ. ასევე, მცენარეს აქვს სქესობრივი ფუნქციის/აქტივობის აღდგენის უნარი, ის ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას, ამცირებს ქალებში პოსტმენსტრუალურ პრობლემებს. აწესრიგებს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს და ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს, ასევე გამოიყენება მკერდის კიბოს სამკურნალოდ. Smilax excelsa -ის ფესურების ფიტოქიმიურიმა კვლევებმა გამოავლინა რამდენიმე ნივთიერებების არსებობა: 3-O-[4-O-აცეტილ-α-L-რამნოპირანოზილ-(12)-{α-L-რამნოპირანოზილ-(14)}-β-D-გლუკოპირანოზილ]-26-O-[β-D-გლუკოპირანოზილ]-22-α-ჰიდროქსი-(25R)-ფუროსტ-5-ენე-3β, 26-დიოლ, 3-O-[2-O-აცეტილ-α-L-რამნოპირანოზილ-(12)-{α-L-რამნოპირანოზილ-(14)}-β-D-გლუკოპირანოზილ]-26-O-[β-D-გლუკოპირანოზილ]-22-α-ჰიდროქსი-(25R)-ფუროსტ-5-ენე-3β, 26-დიოლ, 3-O-[3-O-აცეტილ-α-L-რამნოპირანოზილ-(12)-{α-L-რამნოპირანოზილ-(14)}-β-D-გლუკოპირანოზილ]-26-O-[β-D-გლუკოპირანოზილ]-22-α-ჰიდროქსი-(25R)-ფუროსტ-5-ენე-3β, 26-დიოლ, პროტოდიოსცინი, პსევდოპროტოდიოსცინი და დიოსცინი [19]. სოლანეზილი, ვიოლასტეროლი A, ტრანს-რეზვერატროლი, 5-O-ყავის მჟავა და 6-O-ყავის-β-D-ფრუქტოფურანოზილ-(2-1)-α-D-გლუკოპირანოზიდი [20], ნარინგენინი, 1-O-ტრანს-ფერულოილგლიცეროლი, 1-O-ტრანს-p-ცუმაროილგლიცეროლი, 1,2-O-დი-ტრანს-ფერულოილგლიცეროლი და სხვა. საქართველოში მოზარდი Smilax excelsa ცალკეული ნაწილების ქიმიური შედგენილობა ჯერ შესწავლილი არ არის და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით.
მოსალოდნელი სიახლე: • გაირკვევა საქართველოში მოზარდი მცენარის Smilax excelsa ცალკეული ნაწილების სხვადასხვა ქიმიური კლასის ნივთიერებათა ურთიერთგარდაქმნის მდგომარეობა, მათი მეტაბოლიზმის გზები მიწისქვეშა და მიწისზედა ორგანოებში, რაც ნათელს მოჰფენს მცენარეში მათი წარმოქმნის, ლოკალიზაციისა და დაგროვების საკითხს; • გაირკვევა სტეროიდული და ფენოლური გლიკოზიდების ჯამების გამოსავალი მცენარის ცალკეულ ნაწილებთან მიმართებაში; • გამოყოფილ იქნება ახალი სხვადასხვა კლასის ნივთიერებები, რითაც გამდიდრდება ბუნებრივ ნაერთთა ნომენკლატურა;
სავარაუდო გეგმა: კვლევის მიზანია Smilax excelsa ცალკეული ნაწილების ქიმიური შედგენილობის შესწავლა მათი მედიცინაში გამოყენების შესაძლებლობის დადგენის მიზნით. პროექტის განხორციელების ეტაპები და შესასრულებელი ამოცანები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ამოცანა 1: Smilax excelsa ცალკეული ნაწილებიდან სხვადასხვა პოლარობის ექსტრაქტის მიღება და მათი შედარებითი თვისობრივი შედგენილობის შესწავლა; ამოცანა 2: სტეროიდული და ფენოლური გლიკოზიდების ჯამების გამოსავალის დადგენა Smilax excelsa ცალკეულ ნაწილებთან მიმართებაში; ამოცანა 3: Smilax excelsa ცალკეული ნაწილებიდან აქტიური სუბსტანციის მიღების ტექნოლოგიის დამუშავება; ამოცანა 4: სხვადასხვა ქიმიური კლასის გამდიდრებული ფრაქციების მიღება და ინდივიდუალურ კომპონენტებად დაყოფა; ამოცანა 5: გამოყოფილ ნივთიერებათა ქიმიური სტრუქტურის დადგენა; ამოცანა 6: მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია, საკონფერენციო თეზისებისა და სტატიების მომზადება, პრეზენტაცია.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ფარმაციის დეპარტამენტი,ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: წარდგენილი
შედეგი:
პროექტის ღირებულება: 48000
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა