საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ბაქტერიოფაგების მიმართ გამომუშავებული სპეციფიკური იმუნური პასუხის შესწავლა საშარდე გზების ინფექციების მქონე პაციენტებში ჩატარებული ფაგოთერაპიის შემდეგ (1-ლი ფაზა)
მოკლე აღწერა: საშარდე გზების ინფექციების (სგი) მკურნალობა ბოლო წლებში ხშირად პრობლემურია ანტიბიოტიკების მიმართ უროპათოგენების მზარდი მდგრადობის გამო. ამ მხრივ თერაპიულ ბაქტერიოფაგებს აქვთ გამოხატული პოტენციალი, რასაც განაპირობებს მათი მაღალი სპეციფიკურობა, და ეკოლოგიური უსაფრთხოება, ასევე ფაგური პრეპრატების გადაწყობის /მოდიფიკაციის და ინდივიდუალური თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა. სგი-ს მკურნალობისა და პრევენციის მიზნით ბოლო წლებში ჩატარებულმა ცალკეულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა ბაქტერიოფაგების გამოყენების უვნებლობა და მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული აქტივობა. შედარებით მცირეა ცოდნა უროგენიტალური ინფექციების ფაგოთერაპიის პროცესში იმუნური პასუხის შესახებ. შესაბამისად აქტუალურია კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს იმუნური პასუხის შესწავლას და მისი შესაძლო როლის გამოვლენას ფაგოთერაპიის შედეგებთან მიმართებაში. წარმოდგენილი პროექტი უფრო დიდი პროექტის ნაწილია და მისი მიზანია საშარდე გზების ინფექციის პრევალენტური აგენტის - E.coli– ს ბაქტერიოფაგების მიმართ სპეციფიკური ანტისხეულების შემცველობის რაოდენობრივი კვლევა პაციენტების სისხლის შრატში, ნერწყვსა და შარდში მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში. ფაგოთერაპიის ცენტრის შერჩეული პაციენტები, რომლებსაც აქვთ ბაქტერიოლოგიურად დადასტურებული კოლი ინფექცია და რომლის მიმართაც კომერციული ფაგები (პიო, ინტესტი, ენკო, სეს)ავლენს მაღალ აქტივობას, რეგულარულად მიიღებენ ბაქტერიოფაგებს პერორალურად და ტრანსურეთრალური ინსტალაციით 10-14 დღის განმავლობაში და დამატებით 6 კვირამდე per os. პაციენტებისაგან აღებული ბიოლოგიური ნიმუშები სათანადო დამუშავების შემდეგ გამოკვლეული იქნება ანტიფაგური ანტისხეულების შემცველობაზე ნეიტრალიზაციის ცდებში და ELISA-ს გამოყენებით. ფაგური ანტიგების მოსამზადებლად განხორციელდება მოქმედი ფაგების ნარევიდან კონკრეტული ფაგების კლონირება სამიზნე (პაციენტის) შტამზე და ბაქტერიული კომპონენტებისაგან თავისუფალი ფაგური სუსპენზიის მიღება, განისაზღვრება მათში ენდოტოქსინის შემცველობა. პირველ ეტაპზე გამოლენილი იქნება ნებისმიერი კლასის სპეციფიური ანტიფაგური ანტისხეულები (ტოტალური იმუნოგლობულინი), ხოლო კლასების დეტერმინაცია მოხდება კვლევის შემდგომ ეტაპზე ადამიანის ანტი- IgM, IgG და IgA ანტისხეულების გამოყენებით. პროექტის დაფინანსება და შესრულება ერთობლივად განხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და გ. ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის ინსიტუტის და ელიავას ფონდის მიერ. დაგეგმილი კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე მომზადდება პუბლიკაცია საერთაშორისო ჟურნალისათვის და ასევე პროექტის მე-2 ფაზის განაცხადი რუსთაველის სამეცნიერო ფონდში ან საერთაშორისო ფონდებში წარსადგენად.
ხელმძღვანელი: თედიაშვილი მარინა
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: საშარდე გზების ინფექციები ( სგი ან UTI- Urinary tract infections) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური პათოლოგიაა. ყოველი მეორე ქალს და ყოველი 10 მამაკაციდან მინიმუმ ერთს უვითარდება ეს ინფექცია სიცოცხლის განმავლობაში. ბაქტერიული ინფექციები შესაძლოა გავრცელდეს ქვედა და ზედა საშარდე გზებში, რაც იწვევს შესაბამისად ურეთრიტიტს, ცისტიტს და პიელონეფრიტს. საშარდე გზების ინფექციების გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ბაქტერია(უროპათოგენი), რომელთა შორის გამოვლენის სიხშირით წამყვანია Escherichia coli, ასევე Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae, Staphylococcus saphrophyticus, S. aureus, Pseudomonas aeruginosa, B ჯგუფის სტრეპტოკოკები, Enterobacter spp, Enterococcus spp და ა.შ. სგი-თან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებას წარმოადგენს უროპათოგენების სისტემატურად მზარდი მდგრადობა(რეზისტენტობა) ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ, ასევე მათ მიერ ბიოფილმის წარმოქმნის უნარი. უროეპითელური უჯრედების შიგნით არსებული ბაქტერიული საზოგადოებები ნაკლებად ხელმისაწვდომია ანტიბიოტიკებისთვის და ასევე კარგად არის დაცული მასპინძლის იმუნური პასუხებისგან (3). თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში ტრიმეტოპრიმი (TMP), სულფამეტოქსაზოლი (SMX) ან მათი კომბინაცია (TMP/SMX), ასევე ციპროფლოქსაცინი, ამპიცილინი, მეორე ან მესამე თაობის ცეფალოსპორინები, კარბაპენემები ყველაზე ხშირად გამოიყენება გრამუარყოფითი უროპათოგენების, განსაკუთრებით E.coli (UPEC) იზოლატების სამკურნალოდ (4). როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო სექტორის შეშფოთებას იწვევს საშარდე გზების ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ინფექციების გლობალური ზრდა. ქალებში განვითარებული სგი-ს გამომწვევი UPEC-ის პოპულაციებში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ამპიცილინის, ამოქსიცილინის და სხვა ანტიბიოტიკების მიმართაც, რომლებიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციის გამომწვევი სხვა ბაქტერიების სამკურნალოდაც. დღეს ფაგოთერაპია იძენს ფართო პოპულარობას მთელ მსოფლიოში როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის ეფექტური სტრატეგია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლის შემანარჩუნებლადაც განიხილება (6). ბაქტერიოფაგები ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავრცელებული მოლეკულური აგენტებია გარემოში. ფაგების მრავალროცხოვანი პოპულაციების აღმოჩენა ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმებში (კუჭ -ნაწლავის ტრაქტი და სასუნთქი სისტემა, შარდი და ა. შ.) მიუთითებს მათ შესაძლო სერიოზულ როლზე ჯანმრთელობის ჰომეოსტაზში. ვირულენტურ ბაქტერიოფაგებს აქვთ დიდი პოტენციალი ანტიბიოტიკებისადმი მდგრად სგი– თან საბრძოლველად. ფაგების მთავარი უპირატესობა ანტიბიოტიკებთან შედარებით არის მათი მაღალი სპეციფიკურობა, გენეტიკური პლასტიურობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება. წარმატებული ფაგოთერაპია დიდად არის დამოკიდებული სასურველი სპეციფიურობის მქონე ფაგების არსებობაზე, სამკურნალო ფაგების ნარევების კანდიდატების სწორად შერჩევაზე და გამოყენების ეფექტურ რეჟიმებზე (მხოლოდ ფაგები ან ფაგები ანტიბიოტიკებთან ერთად) ფაგების პრაქტიკულ გამოყენებას მრავალწლიანი ისტორია აქვს. გ. ელიავას სახ. ინსტიტუტი არის ერთ-ერთი პიონერი და დღესაც წამყვანი დაწესებულება ადამიანის ფაგოთერაპიის სფეროში. აქ შეიქმნა კარგად დახასიათებული და შესწავლილი შერჩეული ფაგებისაგან შედგენილი პრეპარატები და ფართოდ გამოიყენებოდა ზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემასა და სამხედრო სამსახურებში ბაქტერიული ინფექციების თერაპიისა და პროფილაქტიკის მიზნით. უმეტესობა წარმოადგენს ბაქტერიოფაგების ნარევებს და მათი გამოყენება ხდება მთელი რიგი ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, მათ შორისაა სგი. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა კომერციული ბაქტერიოფაგების ნარევების გამოყენებით გამოავლინა მათი მაღალი ეფექტურობა ex vivo, სგი– ის მქონე პაციენტების შარდისგან გამოყოფილ E.coli– ს და Klebsiella– ს წინააღმდეგ (2).ასევე ნაჩვენები იყო ფაგური პრეპარატების უსაფტთხოება და საკმაოდ მაღალი ეფექტურობა in vivo ბოლოწლებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში. წინა წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ბაქტერიოფაგური პრეპარატების პოტენციალი საშარდე გზების ინფექციის მკურნალობის მიზნით in vitro და in vivo (1,2,15,16). თუმცა, არსებობს მხოლოდ მწირი მონაცემები იმუნურ პასუხებთან დაკავშირებით, იგულისხმება როგორც "ბუნებრივი" პასუხი, ასევე შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციის მქონე პაციენტების იმუნური პასუხი შრატში, ნერყვსა და/ან შარდში ფაგების პირდაპირი შეყვანის ან/და პერორალური გზით გამოყენების შემდეგ.
მოსალოდნელი სიახლე: საკონკურსო საპროექტო განაცხადი წამოადგენს უფრო მოცულობითი პროექტის პირველ საფეხურს, რომლის მთავარი მიზანია უროპათოგენური, ძირითადად გრამუარყოფითი ბაქტერიების საწინააღმდეგო ფაგების ( კომერციული ნარევების და ინდივიდუალური ფაგების) in vivo გამოყენებისას აღმოცენებული იმუნური პასუხის და შედეგების შესწავლა. სრულ პროექტს აქვს 3 კონკრეტული მიზანი: 1) საშარდე გზების ინფექციის ყველაზე პრევალენტური ინფექციური აგენტების ბაქტერიოფაგების მიმართ სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში, ნერწყვსა და შარდში ნეიტრალიზაციის რეაქციისა და ELISA– ს გამოყენებით, ინტრავეზიკულარული და per os ბაქტერიოფაგის მიღებისას მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში. 2) სგი-ს ფაგოთერაპიის დროს გამოვლენილი ანტიფაგური ანტისხეულების შემდგომი დეტალური დახასიათება კლასის, კინეტიკისა და აფინობის თვალსაზრისით. 3) ბაქტერიოფაგის საწინააღმდეგო ანტისხეულების ვიწრო სპეციფიურობის კვლევა ფაგების სტრუქტურული კომპონენტების /ფრაქციების , მაგ. კაფსიდის და კუდის ცილების გამოყენებით. ამჟამად წარმოდგენილ პროექტში (1-ლი ფაზა) დადგინდება ბაქტერიოფაგების მიმართ სპეციფიური ანტისხეულების არსებობა ფაგებით ნამკურნალები პაციენტების შრატში, ნერწყვსა და შარდში. ამ კვლევის დასასრულს ჩვენ გვექნება ჩამოყალიბებული წარმოდგენა ორგანიზმის იმუნური პასუხების შესახებ (სისხლსა და ორგანიზმის სითხეებში) უროპათოგენების, კერძოდ E.coli- ს სპეციფიკური ბაქტერიოფაგების მიმართ, რომლებიც შეყვანილი იყო უშუალოდ შარდის ბუშტში ან პერორალურად.
სავარაუდო გეგმა: 1 პროექტის მოსამზადებელი საფეხური : კვლევის დიზაინის დეტალების დაზუსტება; ბიოეთუკის კომიტეტსი დასკვნის მიღება; შემსრულებელთა გუნდის საბოლოო დაკომპლექტება; ლაბორა-ტორიული მასალების და რეაგენტების შესყიდვა; 2 პაციენტების კლინიკური მასალის მოპოვების და პრეპარირების პროტოკოლის დამუშავება: პირველადი ცდები 3 პაციენტების შერჩევა; ინფექციის გამოწვევის და ეფექტური ბაქტერიოფაგის დადგენა;ფაგოთერაპიის ჩატარება; პაციენტის ბიოლოგიური მასალის ( სისხლი შრატი, შარდი, ნერწყვი) დამუშავება; 4 ფაგის ანტიგენის მომზადება პაციენტის შრატში კონკრეტული ანტისხეულების განსაზღვრისათვის: ფაგების ნარევიდან მოქმედი ფაგური კომპონენტე-ბის გამოყოფა და გამრავლება / კონცენტრირება/ გაწმენდა 5 პაციენტების მასალაში ანტიფაგური ანტისხეულების განსაზღვრა ნეიტრალიზაციის ტესტის საშუალებით. 6 E.coli– ს სპეციფიური ბაქტერიოფაგების მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების განსაზღვრა ELISA– ის გამოყენებით 7 მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი; ანგარიშის მომზადება
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 2022-03-01
დასრულება: 2023-07-31
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება: 66000 ლარი
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: პროექტის სრული ბიუჯეტი: 66000 ლარი აქედან 20000 ლარი გამოყოფილი იქნება ელიავას ფონდის გრანტული დაფინანსებით, ხოლო 46000- საქართველოს უნივერსიტეტის ( სუ) დაფინასებით. ბიუჯეტი განაწილდება კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად: პერსონალის ხელფასები - 36000 ლარი ( 54.5% ) მასალები ( მიკრობიოლოგიური არეები და რეაქტივები, პლასტიკური ჭურჭელი, ენდოტოქსინის ნაკრები, მოლ. ბიოლ. და იმუნოლოგიური რეაგენტები და სხვა ) - 26000 ლარი ; სხვა/გაუთვალისწინებელი ხარჯები – 1000 ლარი საინსტიტუტო ზედნადები ხარჯები - 3000 ლარი;
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა: 46000
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა